English / ქართული / русский /
ირმა ტყემალაძე
დასაქმების არასტანდარტული ფორმები - სისტემური რისკი თუ საერთო ეკონომომიკური კეთილდღეობის ზრდის გზა

ანოტაცია. სტატიაში განხილულია პოსტინდუსტრიული ეკონომიკის ფორმირების თანმდევი ცვლილებების ზეგავლენა შრომის ბაზარზე, კერძოდ, დასაქმების არასტანდარტული ფორმების წარმოშობა, წარმოშობის მიზეზები, მათი გავრცელების დინამიკა მსოფლიოში, დადებითი და უარყოფითი მხარეები და განვითარების პერსპექტივები. 

საკვანძო სიტყვები: დასაქმების არასტანდარტული ფორმები, არასრული დასაქმება, ზეგანაკვეთური დასაქმება,  ფრილასერი, ეკონომიკური კეთილდღეობა 

პოსტინდუსტრიული  ეკონომიკის ფორმირების პროცესს თან სდევს ეკონომიკური სისტემის სტრუქტურული ცვლილებები. დეინდუსტრიალიზაცია, გლობალიზაცია, გაზრდილი კონკურენცია ქვეყნებს შორის, ეკონომიკური ზრდის შენელებული ტემპი, მწვანე ინდუსტრიების ზრდა, მოვლენები, რომლებმაც შრომის ბაზარზე გამოძახილი ჰპოვეს,  შეცვალა შრომის ბუნება, შრომითი ურთიერთობების მოდელები, გაჩნდა დასაქმების ახალი, არასტანდარტული ფორმები.

სტანდარტული დასაქმება, რომელიც მიმდინარე პერიოდამდე დომინანტი იყო შრომის ბაზარზე, არაერთი  ფაქტორის ზემოქმედებით მუდმივად განიცდის ტრანსფორმაციას, შედეგად ადგილი აქვს დასაქმების არასტანდარტული ფორმების გავრცელებას, მაგალითად, დღეისათვის ევროკავშირში სამუშაო ძალის  1/3 მოქნილი დასაქმების ფორმითაა[1].

არასტანდარტული დასაქმების ფორმები ისეთი მეცნიერ-მკვლევარების მიერ იქნა შესწავლილი, როგორიცაა ჯ. ნილესი (Jack Nilles), ჯ. გორდონი (Gil Gordoni), ფ. სკიფი (Fenck Skiff) [2]  და სხვა. უშუალოდ დასაქმების ტრანსფორმაციის საკითხებს კი კვლევები მიუძღვნეს ვ. ბეკმა (V.Beck), მ. ბეხტელმა (M. Bechtel), ვ. გიმბელსონმა (V. Gimbelson).

მეცნიერ-მკვლევართა  (მაგ. Jaffe 2015; D. Hundt 2015) ნაწილი არასტანდარტული დასაქმების ფორმებს საზოგადოებრივი სიკეთის ნაწილად მიიჩნევს და საუბრობს იმაზე, რომ დასაქმების არასტანდარტული ფორმები და სამუშაო დროის რეჟიმის ცვლილება ამაღლებს დასაქმების გარანტიებს და ამცირებს უმუშევრობის დონეს [3]. მეორე ნაწილი (მაგ. Die Shell Jugenstudie 2015) კი პირიქით აკრიტიკებს და ხაზს უსვამს იმას, რომ თანამედროვე ნეოლიბერალურ კაპიტალზმში ადამიანები კიდევ უფრო დაუცველები ხდებიან  და ფენებს შორის სოციალური უთანასწორობა კიდევ უფრო ღრმავდება.[4]

მოვლენის პოზიტიურობისა და ნეგატიურობის შესახებ მსჯელობის პარალელურად, მსოფლიოში მუდმივად იზრდება არასტანდარტული ფორმით დასაქმებულთა რიცხვი. არსებობს არასტანდარტული დასაქმების სხვადასხვა ფორმა - არასრული დასაქმება (part time work), ზეგანაკვეთური დასაქმება (overtime employment), დროებითი დასაქმება (temporary employment), თვითდასაქმება (self-employment), არაფორმალური დასაქმება (informal employment).  მათგან ყველაზე უფრო მეტად აქტუალურია პირველი სამი ფორმა.

არასრულ დასაქმებას ორი მხარე გააჩნია, განვითარებადი ქვეყნებისათვის იგი განიხილება როგორც ნეგატიური მოვლენა, რომელიც გამოწვეულია წარმოების დაცემით, გამოშვების შემცირებით, ხოლო განვითარებულ ქვეყნებში დასაქმების ეს ფორმა მოქალაქეთა გაცნობიერებული, ნებაყოფლობითი არჩევანია თავიანთი ცხოვრების რეჟიმის უკეთ მოსაწყობად.

2018 წლისათვის არასრული დასაქმების დონე სრულ დასაქმებასთან მიმართებაში ვარირებს 46,8 %-დან 1,8%-მდე. არასრული დასაქმების დონით ლიდერობენ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ჰოლანდია (46,8 %) , შვეიცარია 38,5 %, ავსტრია- 27%, დიდი ბრიტანეთი - 24,7%, ნორვეგია - 23,8%.  შედარებით დაბალი დონე დამახასიათებელია ისეთი ქვეყნებისათვის, როგორიცაა ბულგარეთი -1,8%, უნგრეთი - 4,2  %, ლიტვა -6,9, თურქეთი- 9,5%.  [5]

პრაქტიკაში არასრული დასაქმების იდენტიფიცირებისათვის სამუშაო დროის ხანგრძლივობას იყენებენ. სტატისტიკური გამოთვლებისათვის მიღებულია სხვადასხვა ნორმატიული მნიშვნელობები. მაგალითად, აშშ, იაპონიაში, ავსტრიაში, შვეციაში - 35 საათზე ნაკლები კვირაში, ფინეთში, კანადაში, ახალ ზელანდიაში - 30 საათამდე, უნგრეთში, თურქეთში - 36 საათამდე, ნორვეგიაში - 37 საათამდე. [6] ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ბელგია, იტალია, ნაწილობრივ დასაქმებულად თვლიან ადამიანს, რომელმაც ამის შესახებ თვითონ განაცხადა. აქვე აღნიშვნის ღირსია, რომ შრომის უნიკალიზაციის და უნივერსალიზაციის საპასუხოდ, უკანასკნელ წლებში მსოფლიო მასშტაბით შრომის ბაზარზე დასაქმებულთა სამუშაო დროის დერეგულირების გამოკვეთილი ტენდენცია შეინიშნება.

წყარო: https://ec.europa.eu/eurostat 

არასრული დასაქმების საპირისპირო მოვლენაა  ზეგანაკვეთური დასაქმება. უმრავლეს შემთხვევაში აღნიშნული სახით დასაქმება მუშაკის ნებასურვილზეა დამოკიდებული, გამონაკლისია ღარიბი ქვეყნები, სადაც იგი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობით, ხელფასების და შემოსავლების დაბალი დონით არის განპირობებული. ნებაყოფლობითი ზეგანაკვეთური დასაქმება უმთავრესად შემოქმედებითი საქმიანობის სფეროებში გვხვდება. ზეგანაკვეთური დასაქმების ყველაზე დაბალია დონეა ლიტვაში - 2,1 %, ყველაზე მაღალი - 24,3% კი შვეიცარიაში.

დასაქმების არასტანდარტული ფორმებიდან გავრცელებულია დროებითი სამუშაო. დროებითი დასაქმება - ესაა მუშაობა კონტრაქტის პირობებში, რომელსაც აქვს  განსაზღვრული მოქმედების ვადა ან შესასრულებელი სამუშაოს კონკრეტული მოცულობა. დროებითი დასაქმება რეალიზდება შემდეგ ფორმებში: დასაქმებულები განსაზღვრული დროით, განსაზღვრული სამუშაოს შესრულებისათვის დაქირავებულები, სეზონური მომუშავეები, შემთხვევითი დასაქმება. აღნიშნული ფორმით დასაქმებულთა პროცენტული წილი მაღალია ესპანეთში (22,3%), ნიდერლანდებში (14,6%), პოლონეთში (19,2%),  პორტუგალიაში (18,6%). შედარებით დაბალია ბულგარეთში (3,5%), ესტონეთში (2,7%), ლატვიაში (2,3 %), ლიტვაში (1,2%).

დასაქმების არასტანდარტული ფორმებიდან ყველაზე სწრაფად გავრცელებადია დისტანციური დასაქმება, მისი სახეებია: რამდენიმე ადგილზე დასაქმება, შინ მუშაობა, არასაშტატო მუშაობა, მობილური სამუშაო, ე-ლანსერი, ფრილანსერი. მსოფლიოში უმსხვილესი ონლაინ-პლატფორმების (elance.com და https://freelancehunt.com) შეფასებით მუდმივად იზრდება როგორც ფრილანსერების, ისე დამკვეთების აქტივობა, ბოლო სამ წელიწადში ფაქტიურად გაორმაგდა შესრულებული პროექტების რაოდენობა. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ფეხს იკიდებს ე.წ. „ფრილანსერებობა“, დინამიკის განსაზღვრისათვის სტატისტიკური მასალა არ ქვეყნდება  სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ, თუმცა არსებობს ონლაინ-ბაზა (https://ido.ge), რომელიც გვიჩვენებს, რომ ამ მიმართულებით აქტივობები მუდმივად მზარდია.

ფრილანსერობის ყველაზე კონკურენტული სფეროებია პოლიგრაფიული დიზაინი, ინტერიერის დიზაინი, ლოგოტიპები, ხოლო  ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპეციალობებია FreeBSD, ანიმატორები,  ტიზერული რეკლამის სპეციალისტები.

დისტანციური დასაქმება შრომის ბაზარს გლობალურს ხდის, მნიშვნელობას კარგავს საცხოვრებელი ადგილი, სქესი, ასაკი. განსაკუთრებით მნიშვნელოვან ფაქტორად შეიძლება   ჩაითვალოს განვითარებადი ქვეყნების შრომის ბაზარზე გასული სამუშაო ძალისთვის, რამდენადაც იგი ხელს უწყობს შემოსავლების ზრდას და საბოლო ჯამში კეთილდღეობის ამაღლემას.

შრომის ბაზარზე ფეხს იკიდებს შუამავალი სააგენტოების მეშვეობით დასაქმების ფორმა (temporary-agency). მომუშავეები ოფიციალურად დასაქმებულები არიან სუბკონტრაქტორების ან შუამავალი სააგენტოების მიერ, რეალურად კი მუშაობენ სხვა კომპანიებში, სადაც მათ მიმართ ფაქტიურად არანაირი პასუხისმგებლობა არ არსებობს.  ასეთ შემთხვევაში სამუშაო ძალის გამოყენება ძირითადად ხდება ლიზინგის და აუტსტაფინგის ფორმით, გავრცელებული ფორმაა იაპონიასა და აშშ-ში.

არასტანდარტული დასაქმების ერთ-ერთ სახედ განიხილავენ არაფორმალურ დასაქმებას. მისი წილიც ზრდის ტენდენციით ხასიათდება, საქართველოში არაფორმალური დასაქმების მასშტაბების აღრიცხვა ბოლო ორი წელი რაც დაიწყო, 2 წლის მონაცემების მიხედვით იგი გაზრდილია 33,9%-დან 36, 2%-მდე. [7]

საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ:

  • არასტანდარტული დასაქმების ფორმები გადაწყვეტილების მიღებისა და შრომის ორგანიზაციის პროცესში  თავისუფალი მოქმედების და დამოუკიდებლობის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფენ, სამუშაო დრო ხასიათდება მოქნილობით, მუშაკს შეუძლია თავისი შეხედულებისამებრ ვარირება გაუკეთოს სამუშაოს დასაწყისა და დასასრულს, გადაანაწილოს საქმე განსაზღვრულ პერიოდზე. სამუშაო დროის გამოყენებაზე ტოტალური კონტროლი გარკვეულ პერიოდამდე ხელს უწყობდა მწარმოებლურობის ზრდას, მაგრამ თანამედროვე პირობებში უარყოფითად მოქმედებს შრომით მოტივაციაზე და პირიქით, ამცირებს კიდეც შრომის ეფექტიანობას, განსაკუთრებით შემოქმედებითი და გონებრივი საქმიანობის სფეროებში
  • არასტანდარტული დასაქმება შეიძლება განხილულ იქნას როგორც  დამქირავებელსა და დაქირავებულს შორის ადაპტაციის ინსტრუმენტი მუდმივად ცვალებადი ეკონომიკის პირობებში
  •  იგი შეიძლება გახდეს  წარმოების კრიზისიდან გამოსვლის საშუალება, როგორც წარმოების ხარჯების შემცირების გზა
  • შრომის ინტელექტუალიზაციის პირობებში  მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს არა მხოლოდ შრომით დანახარჯებზე, არამედ შრომის საბოლოო შედეგებზე, არასტანდარტული ფორმით დასაქმებულთა საქმიანობის შეფასება კი სწორედ   შესრულებული სამუშაოს ხარისხის მიხედვით ხდება, რაც ეფექტიანობის ზრდას უზრუნველყოფს
  • მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ფორმით დასაქმების დროს საწარმოო რისკი მთლიანად გადადის დაქირავებულზე,  მაღალი რისკი კომპენსირდება მაღალი შრომის ანაზღაურებით
  • სამუშაო ძალის მაქსიმალურად გამოყენების  შესაძლებლობა 
  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების აქტიური ჩართულობა შრომითი საქმიანობის განხორციელების პროცესში.  

დასაქმების ჩამოთვლილი და განხილული ფორმების ტენდენციების ანალიზი საშუალებას იძლევა დადებით მხარეებთან გამოვკვეთოთ უარყოფითი მხარეებიც:

  • სოციალური დაცვის დისფუნქციური სქემები - შეზღუდული წვდომა ანაზღაურებად შვებულებაზე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში - ბიულეტენზე
  • სოციალური იზოლაცია, სამუშაო კოლექტივების არარსებობა
  • შრომის უსაფრთხოების პირობების დაუცველობა
  • მუდმივი სამუშაო კონტრაქტით დაქირავებულთა შემცირებული რიცხვი
  • სამეწარმეო რისკის გადატანა უშუალოდ დაქირავებულზე
  • ნულოვანი ან შეზღუდული სოციალური გარანტიები
  • პროფკავშირებში გაწევრიანების შეზღუდვა
  • მომავლის  განუსაზღვრელობა
  • ეკონომიკაზე უარყოფითი გავლენა საბიუჯეტო-საგადასახადო შედეგების კუთხით

იმის დადგენა  თუ დასაქმების არასტანდარტული ფორმების ნეგატიური ეფექტები უფრო მეტია თუ პოზიტიური, რთულია. ერთი რამ ცხადია, ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნების, შრომის ხასიათის ცვლილებების საპასუხოდ შრომის ბაზრის მოდერნიზება გარდაუვალი პროცესია. ამიტომ დასაქმების არასტანდარტული ფორმების ხელშეწყობისა და განვითარების მიზნით, მიზანშეწონილია დასაქმების აქტიური პოლიტიკის სხვადასხვა ღონისძიებების გატარება. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. Jon Messenger, research paper International Labour Office – Geneva: ILO, 2018
  2. Vladimir Gimpelson, Daniel Treisman,  Fiscal games and public employment: a theory with evidence from Russia, 2018
  3. World Employment and Social Outlook – Trends 2019, ILO, 2019
  4. Sophie Thiéry,  LES NOUVELLES FORMES DU TRAVAIL INDÉPENDANT, 2018
  5. https://ec.europa.eu
  6. https://www.geostat.ge
  7. http://european.ge


[2] Managing Telework: Strategies form Managing The Virtual Workforce    

[3] Hundt D. literaturaShi 95.

[6] Jon Messenger, research paper International Labour Office – Geneva: ILO, 2018